უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Agence France-Presse-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს არ აგებს, ახალი კონტრშეტევის ფარგლებში ასობით კვადრატული კილომეტრი დაიკავა და რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ევროპული ჯარები უშუალოდ ფრონტის ხაზზე უნდა განლაგდნენ.

მისი  თქმით, სამხრეთის ფრონტის ხაზზე განხორციელებული კონტრშეტევების შედეგად, უკრაინულ ძალებს ტერიტორიული წინსვლა აქვთ.

„ზედმეტ დეტალებში არ შევალ“, - განაცხადა ზელენსკიმ წინსვლის შესახებ, - „მაგრამ დღეს შემიძლია, პირველ რიგში, ჩვენს ჯარს მივულოცო, რადგან დღეის მდგომარეობით, 300 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული“.

„ვერ იტყვით, რომ ჩვენ ომს ვაგებთ. გულახდილად გეტყვით, ჩვენ ნამდვილად არ ვაგებთ მას, ნამდვილად. საკითხავი ის არის, გავიმარჯვებთ თუ არა. სწორედ ესაა საკითხავი - მაგრამ ეს ძალიან ძვირადღირებული კითხვაა“, - განუცხადა ზელენსკიმ AFP-ის ჟურნალისტებს.

„როგორც ამერიკელები, ასევე რუსები ამბობენ: თუ გინდათ, რომ ომი ხვალვე დასრულდეს, დონბასიდან გადით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ უკრაინა არჩევნების ჩატარებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს, აღნიშნა, რომ რუსეთი არჩევნების სასწრაფოდ ჩატარებას მხოლოდ იმიტომ ითხოვს, რომ კრემლს მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილება სურს.

„მოდით, გულწრფელები ვიყოთ - რუსებს უბრალოდ ჩემი ჩანაცვლება უნდათ. ომის დროს არჩევნები არავის სურს. ყველას ეშინია მისი დამანგრეველი შედეგების“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მომავალ არჩევნებში.