უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 17-18 თებერვალს შვეიცარიაში, ჟენევაში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებების სამხედრო მიმართულებით გარკვეული პროგრესი შეინიშნება, რასაც ვერ იტყვის პოლიტიკურ მიმართულებაზე.
"ჩვენმა მოლაპარაკებების ჯგუფმა მომაწოდა ინფორმაცია ორდღიანი საუბრების შესახებ. რაც შეეხება მათ შინაარსობრივ მხარეს: თქვენ იცით, რომ არსებობს ორი მიმართულება - სამხედრო და პოლიტიკური. აქ მინდა ვთქვა, რომ სამხედრო მიმართულებით სამივე მხარე კონსტრუქციული იყო." - თქვა ზელენსკიმ
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აქ პროგრესი არ შეინიშნება.
"რაც შეეხება პოლიტიკურ კომპონენტს - ეს არის ყველა ის სენსიტიური საკითხი, რომელთა შესახებაც თქვენ იცით. ვხედავთ, რომ გარკვეული სამუშაო შესრულებულია, თუმცა პოზიციები ჯერ კიდევ განსხვავებულია, რადგან მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა." - თქვა ზელენსკიმ.
მან დაამატა, რომ მოლაპარაკებების ყველა დეტალს უკრაინის დელეგაცია მოგვიანებით წარუდგენს.
"სამხედრო მიმართულებით პროგრესის შესახებ მოვისმინე, ხოლო პოლიტიკურში დიალოგი იყო, შეთანხმდნენ წინსვლაზე, შეთანხმდნენ გაგრძელებაზე. თუმცა ისეთი პროგრესი, როგორიც იყო სამხედრო მიმართულებით, პოლიტიკურში არ მომისმენია." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მოგვიანებით უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ჟენევაში მუშაობა "ინტენსიური და საგნობრივი" იყო.
"დელეგაციის ფარგლებში მუშაობდნენ როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ბლოკები. განიხილებოდა უსაფრთხოების პარამეტრები და შესაძლო გადაწყვეტილებების განხორციელების მექანიზმები. საკითხების ნაწილზე განმარტებები მოხერხდა, ნაწილზე კი დამატებითი შეთანხმება გრძელდება." - თქვა უმეროვმა.
მან დაამატა, რომ "წინსვლა არის", თუმცა ეს არის "რთული სამუშაო, რომელიც ყველა მხარის შეთანხმებას და დროს მოითხოვს".
"შემდეგი ეტაპია მივაღწიოთ საჭირო დონეზე შეთანხმებას, რათა შემუშავებული გადაწყვეტილებები პრეზიდენტების განსახილველად გავიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ამისთვის მოვამზადოთ რეალური და არა ფორმალური საფუძველი. უკრაინა მუშაობს კონსტრუქციულად. საბოლოო მიზანი უცვლელია - სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა" - თქვა უმეროვმა.








