ასეთი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსის" კორესპონდენტთან საუბრის დროს გააკეთა.

რუსეთთან ომის დაწყებიდან 1000 დღეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შიშობს, რომ ძალიან სახიფათო იქნება, თუ ქვეყანა ერთობას დაკარგავს.

„ფოქს ნიუსის" კორესპონდენტმა უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა შეედარებინა ომის ამჟამინდელი მდგომარეობა საწყის პერიოდში არსებულთან და ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია მას რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული ომის დაწყებიდან 1000 დღის შემდეგ.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი დღეები ყველაზე რთული იყო, ახლა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი დამოკიდებულია ერთობაზე.   

„ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი, მაგრამ ახლა ეს პერიოდი, ეს მომენტი, მიმაჩნია, რომ დამოკიდებულია ჩვენს ერთობაზე უკრაინაში და ჩემი აზრით, ძალიან სახიფათოა, თუ დავკარგავთ ერთობას ევროპაში და, რაც მთავარია, ერთობას უკრაინასა და შეერთებული შტატებს შორის" - განაცხადა ზელენსკიმ

„ფოქს ნიუსის" თანახმად, ზელენსკი ამტკიცებდა, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა დიპლომატია იყო, თუმცა მერყეობდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.  

„განა პუტინი არ არის ის, ვისაც შეუძლია ამ ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება?  - ჰკითხა ზელენსკის კორესპონდენტმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს პუტინზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მას შეუძლია ამ ომის დასრულება" - უპასუხა ზელენსკიმ და განაგრძო:

„მაგრამ ეს ბევრად უფრო მეტად არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. პუტინი უფრო სუსტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი და მას შეუძლია შეამციროს ენერგომატარებლების ფასი. სხვათა შორის, მე მოვისმინე სიგნალი მედიაში პრეზიდენტის ტრამპისგან, რომ ის ფიქრობს ფასების შემცირებაზე ენერგომატარებლებზე, ნავთობზე და ეს გასაკეთებელია“.

„იმედოვნებთ, რომ ახლად არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია გავლენა მოახდინოს პუტინზე, რათა დასრულდეს ომი? - ჰკითხა კორესპონდენტმა უკრაინის პრეზიდენტს.  

”ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, თუ თქვენ გამოიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რაც შეერთებულ შტატებს აქვს, მაშინ დიახ, მას შეუძლია ამის გაკეთება, რადგან ის პუტინზე ბევრად ძლიერია. ის უფრო ძლიერია. აშშ უფრო ძლიერია. ეკონომიკა უფრო ძლიერია. შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი გავლენა აქვს“, - უპასუხა ზელენსკიმ.

„ფოქს ნიუსის" კორესპონდენტმა აგრეთვე შეეხო აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვის დაფინანსების შესაძლო შემცირების საკითხს.

„თუ ისინი მოისურვებენ შემცირებას, ვფიქრობ, რომ დავმარცხდებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დავრჩებით და ვიბრძოლებთ. ჩვენ გვაქვს საკუთარი წარმოება, მაგრამ ეს არასაკმარისია გამარჯვებისთვის. და არა მგონია, საკმარისი იყოს იმისთვის, რომ გავძლოთ" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.