როგორც ჩანს, ტრამპი ერთადერთია, ვისიც პუტინს ეშინია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ „თაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, ერთ მომენტში, როდესაც აშშ კრემლს სანქციებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გააგრძელებდა, რუსები ძალიან შეშინდნენ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში ტრამპი მიხვდება, რომ პუტინი არ არის სანდო და იმაზე უფრო სუსტია, ვიდრე ჩანს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის გამარჯვება კატასტროფა იქნება არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის, მათ შორის, აშშ-ის ამჟამინდელი ლიდერებისთვის.