სამწუხაროდ, ახლა ლუკაშენკოს თეთრ შპიცს ბელარუსის მოსახლეობაზე მეტი უფლებები აქვს, 2020 წელს ამის შეცვლის შანსი იყო და დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი შანსი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვაში, იანვრის ამბოხების 163-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ერებისთვის მხარდაჭერის გადადებას ყოველთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.
„ყველა შეფერხებას თავისი შედეგები მოჰყვება. ბელარუსი კვლავ იძულებულია, იარსებოს, როგორც რუსეთის გუბერნია. ახლა, სამწუხაროდ, ლუკაშენკოს თეთრ შპიცს მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბელარუს ხალხს. 2020 წელს ამის შეცვლის შანსი იყო და დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი შანსი იქნება. მაგრამ მაშინ ბელარუსების მხარდაჭერა უბრალოდ არ იყო საკმარისი. ახლა კი ყველანი ვგრძნობთ, რამდენად რთული, რამდენად ძვირი და რამდენად საშიში გახდა ეს ყველასთვის ბელარუსის მოსკოვზე დამოკიდებულების გამო – დამოკიდებულების, რომელიც არ მცირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „შაჰედის“ დრონების რუსი ოპერატორები უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის ტერიტორიიდან მოქმედებენ.
„რუსეთი ბელარუსს იყენებს, როგორც პლატფორმას ევროპისა და მსოფლიოს „ორეშნიკის“ იარაღით შანტაჟისთვის. ბელარუსის ინდუსტრია რუსეთის ომისთვის მუშაობს და ბელარუსული სავაჭრო კავშირები პუტინს ეხმარება, შეიძინოს კომპონენტები, რომლებიც საჭიროა ევროპაში ჩვენ წინააღმდეგ საშიშროების შესაქმნელად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, ევროპამ არ უნდა დაკარგოს არცერთი ერი, რომელიც თავისუფლებით ცხოვრობს.
„ევროპამ არ უნდა დაკარგოს დრო. სწორედ ამიტომ, ყოველდღე ჩვენ, ყველამ ევროპაში უნდა ვიმუშაოთ ძლიერი ევროპისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ დემოკრატიული მოძრაობები მხარდაჭერის გარეშე როცა რჩება, მომავალი კონფლიქტები გარდაუვალი ხდება.
„საბოლოო ჯამში, ისტორია სჯის მათ, ვინც გულგრილად დგას. მრავალი თვალსაზრისით, მე-20 საუკუნის ომები მე-19 საუკუნეში ძლიერთა გულგრილობის შედეგი იყო. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და სხვა რუსული ომები – მოლდოვის წინააღმდეგ, ჩეჩნეთის წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ – ჩვენი ხალხების სიმართლისადმი გულგრილობის შედეგებია. იმ სიმართლის, რომელსაც ჩვენი ხალხი გრძნობს და იმ გულგრილობის, რომელიც მსოფლიო საკვანძო ძალებმა გამოავლინეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში და 21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ისინი რუსეთზე დებდნენ ფსონს – რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე“, რაც ნამდვილად ტვირთად იქცა ყველა ჩვენგანისთვის. დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ასეთი შეცდომები აღარასდროს განმეორდეს. ვმუშაობთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა საკმარისი იყოს უკრაინის და შესაბამისად, ევროპის რეალური დაცვისთვის. ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა დააფასონ ის ფაქტი, რომ ისინი წარმოადგენენ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და რომ ამჟამად მათ არ უწევთ იმპერიების ან ოკუპანტების წინააღმდეგ აჯანყებების ხელმძღვანელობა. ნაადრევია ევროპაში მოდუნება, როდესაც რუსული საომარი მანქანა არ გაჩერებულა. ჩვენი წინა თაობები იბრძოდნენ, რათა ჩვენ შეგვძლებოდა არსებობა. ჩვენი ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა შვილიშვილებმა, მათმა შვილებმა და მათმა შვილიშვილებმა იარსებონ და იცხოვრონ. იცხოვრონ მშვიდობით, რათა მნიშვნელოვანი იყოს არა მხოლოდ ერთი ადამიანი, სადღაც რუსეთში, ტახტზე, არამედ ჩვენი თითოეული ხალხი, თითოეული ადამიანი, რადგან ეს ევროპული წესია. ხალხს მნიშვნელობა აქვს, ერებს მნიშვნელობა აქვს. კულტურებს მნიშვნელობა აქვს. რუსეთს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი, ვინც ხალხს ეწინააღმდეგებიან, ისტორიულად ყოველთვის აგებენ. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თარგმანი: პირველი არხი












