უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისთვის მტკივნეულია, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან მიმდინარე ომში განსხვავებულ მხარეს ირჩევს.
„მტკივნეულია, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ერთ მხარეს ირჩევს და არა ჩვენს მხარეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის მისაღებია, თუ ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლს შეასრულებს. თუმცა, მისივე განცხადებით, „თუ შუაში ხარ, შუაში უნდა დარჩე“.
კითხვაზე, აქვს თუ არა განცდა, რომ ტრამპმა უღალატა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ეს მართლაც ასე იყო, თუმცა საკითხი მხოლოდ მის პირად ემოციებსა და განცდებს არ უკავშირდებოდა.
„სიმართლე გითხრათ, დიახ… თუმცა ეს ცოტა უფრო რთული საკითხია, ვიდრე უბრალოდ ჩემი ემოციები ან გრძნობები. სამწუხაროა, რომ ძლიერ პარტნიორს ვკარგავთ. ჩვენ ჩვენს ქვეყანას არ ვყიდით… ჩვენთვის ეს ბიზნესის საკითხი არ არის, ეს ჩვენი ცხოვრებაა და ეს ჩვენი ქვეყანაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.








