უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის დამტკიცებას ეხმიანება.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა ერთად იმოქმედონ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად.

"მადლობას ვუხდი ევროკავშირს და ყველა წევრ სახელმწიფოს ძლიერი სანქციების მე-19 პაკეტის მიღებისთვის.

ეს ევროპული ერთიანობის დემონსტრირებაა იმ დროს, როდესაც რუსეთი ომის ესკალაციას ახდენს და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს აძლიერებს.

შეზღუდვები სწორედ იმას ეხება, რაც მოსკოვს ამ ომის გაგრძელებაში ეხმარება: ნავთობისა და გაზის სექტორს, "ჩრდილოვან ფლოტს" და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს.

პირველად, სანქციები დაეკისრა კრიპტო პლატფორმებსა და კრიპტოვალუტის სქემებს, რომლებსაც რუსეთი შეზღუდვების გვერდის ავლისთვის იყენებს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა ერთად იმოქმედონ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად და მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც ყველას გვჭირდება.

სასანქციო ზეწოლა უნდა გაიზარდოს და ამას დღეს ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ", - წერს ზელენსკი.