რუსეთის დარტყმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრაში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა, ეს რუსეთის მიერ ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვოლიდკმირ ზელენსკი წერს, გრძელდება მუშაობა რუსეთის მასშტაბური იერიშების შედეგების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, კიევსა და ხარკოვში.
„დედაქალაქში 28 ადამიანია დაშავებული, ოთხი კი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის დარტყმის შედეგად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. ეკლესიას, რომლის ისტორია მე-11 საუკუნიდან იწყება. ეს რუსეთის მიერ ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ დღემდე ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ტაძრის სახურავზე ხანძარი ჩააქრო.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დნიპროში რუსეთმა დარტყმა განახორციელა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, კოლეჯსა და რამდენიმე საწარმოზე. მისივე თქმით, ეს თავდასხმები აჩვენებს რუსეთის განზრახვას, გააგრძელოს ომი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც ახლა სამიტისთვის იკრიბებიან, გასცენ პასუხი. ეს პასუხი უნდა იყოს გადამწყვეტი და არსებითი: მეტი ზეწოლა აგრესორზე და მეტი მხარდაჭერა უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის, განსაკუთრებით ბალისტიკური საფრთხეების წინააღმდეგ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
Efforts to deal with the aftermath of the Russian strikes are ongoing in Kyiv, as well as in Kharkiv. Last night, the Russians launched more than 60 missiles at the capital alone. In total, 70 missiles and 611 drones were used against Ukraine. As of now, 28 people have been… pic.twitter.com/WRp6iEOu7h
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 15, 2026








