უკრაინა გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.
„ჩვენ, უკრაინაში კარგად ვიცით, რა საშინელებაა რუსეთის მხრიდან მსგავსი თავდასხმები, რომელიც იყენებს იმავე „შაჰედებს“ და რუსულ რაკეტებს, მასობრივი საჰაერო დარტყმების იმავე ტაქტიკას. ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონსა და მსოფლიოს, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები არის საფრთხე უფრო ფართო კონფლიქტის დაწყებისა. ტერორის გავრცელებაში ორ რეჟიმს შორის აშკარა თანამშრომლობას უნდა მოჰყვეს მტკიცე და ერთიანი პასუხი მსოფლიოსგან.
„შაჰედის“ ტიპის დრონების ხმა ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ცაზე ერთი და იგივეა. ეს ხმა უნდა იყოს გამოღვიძების ხმა თავისუფალი სამყაროსკენ, იმის დემონსტრირება, რომ მხოლოდ ჩვენს ერთიანობას და სიმტკიცეს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა და ტერორის გავრცელების პრევენცია მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ვერ დაელოდება დისკუსიების დაწყებას. სიტყვები ვერ აჩერებენ თვითმფრინავებს და ვერ ანადგურებენ რაკეტებს. ხელშესახები მხოლოდ დახმარებაა. დახმარება, რომელსაც ჩვენ ველოდებით. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოება და მტკიცედ დავუპირისპირდეთ ყველას, ვისაც სურს ტერორი ახალ ნორმად აქციოს.
მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესმა მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები აშშ-ის მოკავშირეების გასაძლიერებლად ამ კრიტიკულ დროს”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.