უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიაში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ პარტნიორების გაბედულობა და რუსეთის საჰაერო ტერორის შესაჩერებლად საჭირო საშუალებები გვჭირდება. საჭიროა, რომ ყველა შეიარაღება, რის გადაცემაც უკვე გამოცხადებულია, საბრძოლო ბრიგადებამდე მივიდეს. და ჩვენ ასევე გვჭირდება პარტნიორების ძლიერი, შორი მოქმედების გადაწყვეტილებები, რათა რაც შეიძლება მალე დავუახლოვდეთ სამართლიან მშვიდობას, რომლისკენაც ასე მივისწრაფვით“, - თქვა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიაში ის გამართავს შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ბორის პისტორიუსთან და ცალკე შეხვდება გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს.