დღეს კიევზე ერთ-ერთი უმსხვილესი თავდასხმა იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

"რუსული რაკეტებისა და Shahed-ების იერიშები ფარავს აშშ-სა და მსოფლიოს გარშემო სხვების ძალისხმევას, რომ რუსეთს მშვიდობა აიძულონ. მორიგი ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად Shahed-ის დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით მასობრივი იერიშები იყო. დღეს კიევზე ერთ-ერთი უმსხვილესი თავდასხმა იყო. ოდესა, დნიპროს რეგიონი და ჩერნიგოვის რეგიონები ასევე იყო ამოღებული მიზანში.

რუსეთმა თავდასხმისთვის ჯამში 315 დრონი გამოიყენა, მათ შორის, 250 Shahed-ი და 7 რაკეტა, რომელთაგან 2 ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტა იყო. საცხოვრებელი შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ოდესაში სამშობიაროც კი რუსეთის სამიზნე გახდა. 13 ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც. ვიზიარებ მათი ოჯახების მწუხარებას.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამაზე და რუსეთის სხვა მსგავს თავდასხმებზე მსოფლიოს მხრიდან პასუხი იყოს არა დუმილი, არამედ კონკრეტული მოქმედება, ამერიკის მხრიდან ქმედება, რომელსაც აქვს ძალა, რომ რუსეთს მშვიდობა აიძულოს, მოქმედება ევროპისგან, რომელსაც სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ იყოს ძლიერი, მოქმედება მსოფლიოს გარშემო სხვებისგან, რომლებმაც დიპლომატიისკენ და ომის დასრულებისკენ მოუწოდეს და რომლებიც რუსეთმა უგულებელყო. მშვიდობის გულისთვის ძლიერი ზეწოლა არის საჭირო", - წერს ზელენსკი.