ვლადიმერ პუტინი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ მარატ კამბოლოვს შეხვდა.
„რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ხალხი მართლაც განსაკუთრებული ხალხია. ისინი არიან მეომრები, მეცნიერები და მშრომელები. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დაგიჭიროთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხილათ „პრიორიტეტები და ერთობლივად ემსჯელათ იმ ამოცანების გადაჭრის გზებზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წინაშე დგას“.
ამასთან, პუტინმა მარატ კამბოლოვს მომავალ „საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება უსურვა“.
„მსურს, მომავალ საარჩევნო პროცესში წარმატება გისურვოთ და იმედი გამოვთქვა, რომ მოსახლეობა მხარს დაგიჭერთ, ხოლო თქვენ მათ ნდობას გაამართლებთ“, – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, 23 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილებას იხსნის. ამის შემდეგ კრემლმა გამოაქვეყნა ვლადიმერ პუტინის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, ხოლო რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე მარატ კამბოლოვს დაეკისრა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს დანიშნა.











