ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

უშაკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს დაბადების დღე მიულოცა. მისივე თქმით, ტრამპმა მადლობა გადაუხადა რუს კოლეგას და აღნიშნა, რომ პუტინი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელმაც მას დაბადების დღე პირადად მიულოცა.

ამასთან, სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა განიხილეს აშშ-ირანის შეთანხმება, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვში ვიზიტი, კიევის მიერ რუსეთის სამოქალაქო სამიზნეებზე განხორციელებული დარტყმები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი.

უშაკოვის თქმით, საუბრის დროს პუტინმა შეაქო აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლის, მელანია ტრამპის როლი რუსი და უკრაინელი ბავშვების ოჯახებთან გაერთიანებაში. მისივე თქმით, ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად მზად არის, გავლენა მოახდინოს, როგორც ევროპელ პარტნიორებზე, ისე კიევზე, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში დაგეგმილი კონტაქტების დროს.

კრემლის ინფორმაციით, ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე, სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები კონფლიქტის დარეგულირებას ხელს უშლის. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები „ვერ შეცვლის უკრაინისთვის ფრონტზე არსებულ კრიტიკულ ვითარებას“. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მასთან შეხვედრას თუ მოისურვებს, „მოსკოვში უნდა ჩავიდეს“.

კრემლის ცნობით, მხარეებმა ასევე შეათანხმეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვში ვიზიტი. საუბრის დროს ლიდერებმა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმებაც განიხილეს. უშაკოვის განცხადებით, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ახლოსაა და იმედი გამოთქვა, რომ რთული მოლაპარაკებების შედეგები შესაძლოა, 14 ივნისს გახდეს ცნობილი.