უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის და დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილმა წერილებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო.
ზელენსკის თქმით, ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე წერილი გაუგზავნა ევროკავშირს, აშშ-ის კონგრესსა და ტრამპს, ასევე პუტინს.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, შეერთებული შტატებისადმი გაგზავნილი წერილის მიზანი იყო, ვაშინგტონის ყურადღება ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინისკენ გადაეტანა.
„სხვადასხვა მიზანი მქონდა. მაგალითად, შეერთებულ შტატებს როცა მივმართე, ძალიან მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ მათი ყურადღება, თუნდაც ოდნავ, ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე გადამეტანა. არ მინდა და ვერ გაგიზიარებთ ყველა დეტალს, მაგრამ ჩემს სახელმწიფოს ძალიან დიდი რაოდენობით სარაკეტო საშუალებები სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, წერილებმა შედეგი გამოიღო, თუმცა არ აკონკრეტებს, რა არის ეს შედეგი.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაშიც კონკრეტული მიზანი ჰქონდა და მას მიაღწია.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ომი უნდა დასრულდეს. ზელენსკი პუტინს სთავაზობს, მოლაპარაკებებისთვის შეხვედრის კონკრეტული თარიღი განსაზღვრონ. ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ ღია წერილი წაიკითხა, თუმცა „შეხვედრის აზრს ვერ ხედავს“.











