უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, ევროკავშირი პუტინზე უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ის ამბობს, რომ პუტინისადმი "შიშის თესვა პრიმიტიული და არასერიოზულია", ხოლო ბრიუსელი "უშუალო საფრთხის წყაროა".
"უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ მათ, ვისაც თავისუფლება უყვართ, არა აღმოსავლეთის, არამედ ბრიუსელის უნდა ეშინოდეთ. პუტინისადმი შიშის თესვა პრიმიტიული და არასერიოზულია. თუმცა, ბრიუსელი აშკარა რეალობაა და უშუალო საფრთხის წყაროს წარმოადგენს. ეს არის მწარე სიმართლე და ჩვენ მას არ მოვითმენთ". - თქვა ორბანმა.
ამასთან, ორბანი კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ უნგრეთში ოპოზიციას ბრიუსელი ხელმძღვანელობს. კერძოდ, მისი მტკიცებით, უნგრეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, Tisza-ს ლიდერის, პიტერ მაგიარის უკან ევროპული სახალხო პარტიის ლიდერი, მანფრედ ვებერი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონდერ ლაიენი დგანან.
"ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ჩვენი ნამდვილი მოწინააღმდეგეები უნგრეთის ოპოზიციური პარტიები არ არიან. ჩვენი ნამდვილი მოწინააღმდეგეები არიან მათი ხელმძღვანელები ბრიუსელში. მათ უნგრეთში სჭირდებათ ვიღაც, ვინც ბრიუსელის მოთხოვნებზე უარს ვერასდროს იტყვის". - თქვა ორბანმა.
ორბანი ასევე აცხადებს, რომ არჩევნებში ხელახლა გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებას სამიზნეში ამოიღებს და ირწმუნება, რომ ის "ფსევდოსამოქალაქო ორგანიზაციებისგან და ნაყიდი ჟურნალისტებისგან, მოსამართლეებისგან, პოლიტიკოსებისგან შედგება".








