ნიკოლას მადუროს განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს დააკავეს 2 ათასი ადამიანი, მხარდამჭერებთან საუბრისას მან პირობა დადო, რომ დაკავებულებს ტოკორონისა და ტოკუიიტოს მკაცრი რეჟიმის ციხეებში გაგზავნის.
"ამჯერად დანდობა არ იქნება", - დაიმუქრა მადურო.
ათასობით ადამიანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქცია გამართა, ოპოზიციის ლიდერის მარია კორინა მაჩადოს მოწოდებით. ის გამოვიდა კარაკასში გამართულ მიტინგზე მას შემდეგ, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაპატიმრების საფრთხის გამო საზოგადოებაში გამოჩენას თავს არიდებდა.
საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალეს ურრუტია აქციაზე არ გამოჩენილა.
ვენესუელაში არჩევნები 28 ივლისს გაიმართა. საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
არჩევნების შემდეგ გონსალესის მხარდამჭერები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალების და შეიარაღებული პროსამთავრობო ჯგუფების მიერ მათი დარბევა.
აქციებზე, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა.