ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი აღიარა.
სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს, რომ „არჩევნების მონაცემები დამაჯერებლად აჩვენებს ვენესუელელი ხალხის ნებას, დემოკრატიული ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა კვირას ჩატარებულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა”.
მისი თქმით, ვენესუელელებმა მისცეს ხმა და მათი ხმები უნდა იყოს გათვალისწინებული.
ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ 31 ივლისს ქვეყნის უზენაეს სასამართლოს, საპრეზიდენტო არჩევნების აუდიტის ჩატარების მოთხოვნით მიმართა.
მადურომ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულია და ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, Foro Penal-ის ხელმძღვანელის, ალფრედო რომეროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს მოკლულია, სულ მცირე, 11 დემონსტრანტი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მედიის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.