ვენესუელამ შესაძლოა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია (OAS) დატოვოს, თუ მისი წევრები კარაკასში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა.

ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი ვენესუელაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის საკითხზე შეხვედრას გეგმავენ.

როდრიგესის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს შეხვედრა კარაკასის თანხმობის გარეშე გაიმართება, ქვეყანა შესაძლოა რეგიონულ ორგანიზაციას გამოეყოს.

"იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვენესუელის თანხმობის გარეშე გაიმართება, სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დამავალა, რომ ვენესუელამ ორგანიზაციიდან გასვლის პროცესი დაიწყოს", - განაცხადა მან.

24 მარტს, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა ვენესუელას არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. სამხრეთი ამერიკის ქვეყნებმა ასევე მოუწოდეს ვენესუელას ეროვნული ასამბლეის ლეგიტიმურობა აღიაროს, რომელსაც პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 2015 წლიდან უგულებელყოფს.

მარტში, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ლუის ალმაგრომ განაცხადა, რომ ვენესუელის მთავრობა "დიქტატორულია".

მისი თქმით, თუ მადურო არჩევნებს არ ჩაატარებს, ქვეყანა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციიდან უნდა გაირიცხოს. მანამდე, ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, დესლი როდრიგესმა პერუს პრეზიდენტს „ძაღლი და მშიშარა" უწოდა.