აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმები. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა.
"ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმები და მზად ვართ დავეხმაროთ მთავრობას ამაში", – აღნიშნა პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, USAID-ს შესახებ ბრალდებები მცდარია.
"თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და გავიმეორებ, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად".
ამასთან, მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ:
"რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".