გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას რუსეთს მოუწოდა, უარი თქვას ესკალაციის გზაზე. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის — ZDF-ის ეთერში ისაუბრა. შეხვედრა, რომელიც იმავე დღეს უფრო ადრე გაიმართა, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გამართული პირველი დიალოგი გახდა.
ვადეფულის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო რუსული დელეგაციისთვის ეჩვენებინა, რომ გერმანია არ შეეგუება ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ლაიფციგის აეროპორტში დრონით დივერსიის მცდელობა. "ასევე, არ მინდა, რომ ჩვენ, ევროპელებმა, რუსეთთან დიალოგის წარმოების შესაძლებლობა სრულად ამერიკელებს დავუტოვოთ", — განმარტა გერმანელმა მინისტრმა შეხვედრის ჩატარების მიზეზი.
"ჩვენი მთავრობების პოზიციებს შორის მართლაც არსებობს პრინციპული განსხვავებები, რომლებზეც ასევე საჭიროა საუბარი. ცივი ომის დროს მხარეებს შორის აზრთა გაცვლა და კონტაქტი ყოველთვის გრძელდებოდა. მივიჩნიე, რომ სწორი იყო ახლა გვეცადა ასეთი დიალოგი", — დასძინა ვადეფულმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ლავროვთან უკრაინის მომავალზე მოლაპარაკებები არ უწარმოებია, ვინაიდან ამით "თვითონ უკრაინელები" არიან დაკავებულნი, და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მკაფიოდ აგრძნობინა, რომ გერმანია გააგრძელებს კიევის ყოველმხრივ მხარდაჭერასა და მოსკოვზე ეკონომიკურ ზეწოლას.
თუმცა, ვადეფულმა აღიარა, რომ რუსული დელეგაციის მხრიდან ვერ დაინახა მზადყოფნა, მოისმინონ მისი მოწოდება ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.




