უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან, ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში რა დროსაც სიტყვით მიმართა უნგრელ დიპლომატებს.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის შემდგომ პროგრესს ამ გზაზე. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული რეფორმები აისახება ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროკავშირისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგო რესურსებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიცირების თვალსაზრისით, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე პარტნიორობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხზე.
„ჩვენ ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება.“-განაცხადა პიტერ სიიარტომ.