უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. თავდასხმის მთავარ სამიზნეებს შორის იყო სარატოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და ქალაქი ენგელსი, სადაც მნიშვნელოვანი სამხედრო ინფრასტრუქტურა მდებარეობს.

იერიშის მთავარ სამიზნეს კომპანია "როსნეფტის" კუთვნილი სარატოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა წარმოადგენდა. საწარმოს ტერიტორიაზე, ინდუსტრიულ ზონაში, ძლიერი ხანძარი და აფეთქებები დაფიქსირდა. ოფიციალური რეგიონალური უწყებები ქარხნის დაზიანებას პირდაპირ არ ადასტურებენ, თუმცა კადრები ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ცეცხლს ადასტურებენ.  

აფეთქებები ისმოდა ენგელსის სტრატეგიული სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს, სადაც რუსული სტრატეგიული ავიაცია ბაზირებს.

სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის განცხადებით, იერიშის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. დაზიანებული სახლების მცხოვრებლებისთვის დროებითი განთავსების პუნქტები გაიხსნა.  

რეგიონული ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა, სულ მცირე, 10 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი. 6 პირი ჰოსპიტალიზებულია. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.