უკრაინის თავდაცვის ძალებმა და სპეცსამსახურებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მორიგი მიზანმიმართული ოპერაცია განახორციელეს. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ფარული საკოორდინაციო ცენტრი გახდა.
ადგილობრივი წყაროებისა და უკრაინული დაზვერვის წინასწარი მონაცემებით, იერიში კამიკაძე დრონების გამოყენებით ჩატარდა.
სამიზნე გახდა შენობა, რომელსაც რუსული საოკუპაციო ძალები და FSB-ს მაღალჩინოსნები რეგიონში ინფორმაციის შესაგროვებლად, რეპრესიების დასაგეგმად და ადგილობრივ მოსახლეობაზე კონტროლის გასამკაცრებლად იყენებდნენ.
ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. უკრაინული მედიის ცნობით, დარტყმის მომენტში შენობაში რუსი ოფიცრების თათბირი მიმდინარეობდა, რის გამოც, საოკუპაციო ძალებმა ცოცხალი ძალის კუთხით სერიოზული დანაკარგი განიცადეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების სერია იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მიმდებარე დასახლებებშიც ისმოდა, ადგილზე კი მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.




