რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 3 სექტემბერს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გადაცემის შესახებ,- იტყობინება Reuters.
მას შემდეგ, რაც სისტემის უკრაინაში გადატანის შესახებ კანონპროექტი რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა, მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა. სწორედ ამის შემდეგ შევა პროექტი ძალაში და დაიწყება მისი აღსრულების პროცედურები.
ბუქარესტმა ჯერ კიდევ ივნისში გამოაცხადა, რომ თავისი ორი მოქმედი Patriot-ის სისტემიდან ერთს უკრაინას გადასცემდა, იმ პირობით, რომ მოკავშირეები მას ჩაანაცვლებდნენ საჰაერო დაცვის მსგავსი სისტემით.
რუმინეთს უკრაინასთან 650-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. რუსეთის დრონების ნამსხვრევები ხშირად ცვივა რუმინეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის მხრიდან უკრაინის პორტებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.