რუმინეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა, 2 სექტემბერს, დაამტკიცა სამთავრობო კანონპროექტი უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ის გადაცემის შესახებ.
უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შესახებ სამთავრობო კანონპროექტს მხარი 101-მა რუმინელმა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი 13 იყო, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
რუმინეთის სენატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლეტა პაულუკმა იმედი გამოთქვა, რომ ამ კვირის ბოლოს კანონპროექტი გაეგზავნება ქვედა პალატას, რომელსაც აქვს საბოლოო სიტყვა კანონპროექტების მიღებაში.
პაულუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემის გადაცემა "არ ნიშნავს, რომ რუმინეთი დაცვის გარეშე დარჩება," რადგან ბუქარესტს აქვს კიდევ შვიდი ასეთი სისტემა, რომელთაგან ორი უკვე ექსპლუატაციაშია, კიდევ ორი შეიარაღებაში მიიღეს და კიდევ სამი მალე ჩამოვა.
რუმინეთმა Patriot-ის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა ჯერ კიდევ ივნისში გადაწყვიტა. გასულ კვირას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად გაუგზავნა კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ ორშაბათს დაამტკიცა.
მთლიანობაში, უკრაინას ნატოს მოკავშირეები შვიდ საჰაერო თავდაცვის სისტემას დაჰპირდნენ, მაგრამ ერთი დღით ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი დაპირებული სისტემის მიწოდება გადაიდო.