უკრაინაში ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან განიხილავს არსებულ დიპლომატიურ შესაძლებლობებს.
„უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალურად მიიღო ამერიკული მხარისგან გეგმის პროექტი, რომელსაც, ამერიკული მხარის აზრით, დიპლომატიის გააქტიურება შეუძლია. უკრაინის პრეზიდენტმა განსაზღვრა ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპები და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ გეგმის პუნქტებზე, რათა უზრუნველვყოთ ომის ღირსეული დასრულება. რუსეთის შეჭრის პირველივე წამებიდან უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეუძლია ნამდვილი მშვიდობის მოახლოება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებებს სისხლისღვრის დასრულების შესახებ. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული მუშაობა ამერიკულ მხარესთან და ჩვენს პარტნიორებთან ევროპასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი პენტაგონის მაღალჩინოსნებს შეხვდა. ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 28-პუნქტიანი ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომელმაც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად. მედიის ცნობით, გეგმას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამზადებდნენ რუსეთის წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევსა და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან კონსულტაციების შედეგად.
თარგმანი: პირველი არხი




