მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ბერებმა კიევ-პეჩერის ლავრა დღეს უნდა დატოვონ.
სასულიერო პირებმა მრევლს დღეს ლავრაში შეკრებისა და ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდეს. წირვა ადგილობრივი დროით 6:30 საათზე დაიწყო.
უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილ ულტიმატუმს ვადა ეწურება. 30 მარტიდან ლავრაში ქონების კომისიამ უნდა დაიწყოს მუშაობა.
მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უქმდება. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს, რომლითაც დგინდება, რომ მონასტრის მიერ დარღვეულია სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები.
მიტროპოლიტ პაველის განცხადებით, ლავრამ უკრაინის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, მათი მხრიდან კომპორომისი არ იქნება.
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ბერები სახელმწიფო ინსპექტირების დასრულების შემდეგ კიევის ლავრაში დარჩენას გარკვეული პირობებით შეძლებენ.