უკრაინის გენშტაბი: რუსეთში ავიარაკეტების წარმოება კომპონენტების ნაკლებობის გამო შეჩერდა

1648130685
რუსეთში, "ვიმპელ"-ის საწარმოში ავიარაკეტების წარმოება კომპონენტების ნაკლებობის გამო შეჩერდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციის იხედვით, ზოგადად, ორ ათეულზე მეტმა სამხედრო საწარმომ სრულად ან ნაწილობრივ შეაჩერა წარმოება.
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 20-ზე მეტი საწარმო იძულებული გახდა, სრულად ან ნაწილობრივ შეეჩერებინა თავისი საქმიანობა კომპონენტებისა და ნაწილების არარსებობის გამო. კერძოდ, კვლევით-საწარმოო კომპანია "ვიმპელ"-ში შეჩერებულია საავიაციო რაკეტების წარმოება", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აქამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონცერნ "ურალვაგონზავოდის" საწარმოს მუშაობა რუსეთში შეჩერდა. ოკუპანტები ახლა დაზიანებული იარაღისა და აღჭურვილობის შეკეთებისა და აღდგენის გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე არიან.