საზოგადოება დღეების მანძილზე ხედავდა მასობრივ თავდასხმებს, რომელიც პოლიციაზე ხორციელდებოდა,  ჯამში, დღეს სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული 32 პირი. მათ შორის, ხუთი არის ნივთის დაზიანებაზე, შვიდი –  პოლიციელზე თავდასხმისთვის, 19 ჯგუფური ძალადობისთვის და ერთი აფეთქების მომზადებისთვის“,  – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.  

„ჩვენ რაც შეხება გვაქვს გამოძიებასთან, თორემ ბუნებრივია, ამაზე პროკურატურა ისაუბრებს, რომ არსებობს როგორც ვიდეოჩანაწერები კონკრეტულ შემთხვევაში პირები როგორ ესხმიან თავს. მაგალითად, ერთი კონკრეტული შემთხვევა მახსენდება, როდესაც წყლის ჭავლის მანქანა გადაადგილდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი ადამიანი „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრის და ცეცხლი უჩნდება ამ მანქანას. მსგავსი მტკიცებულებები წარდგენილია საქმეში. ასევე არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ნივთებს ესვრიან პოლიციელებს, არის ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ. ამ ყველაფრის გამოკვლევა ხდება ღია სასამართლო სხდომაზე. სამწუხაროდ, კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ, სასურველი მონაკვეთი მოჭრან სასამართლო პროცესიდან და აჩვენონ ის, თითქოს ბრალდებას არ აქვს მტკიცებულება. ბრალდებას აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და წარდგენილია სასამართლოში; მათ აქვთ საშუალება, ღია სასამართლოს სხდომაზე თითოეული მტკიცებულება გამოიკვლიონ და მერე უკვე მოსამართლე მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქმეში არსებული პირდაპირი და სხვა მტკიცებულებების გამოყენებით მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნება ეს გამამართლებელი, თუ გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა დარახველიძემ.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მასობრივი არეულობებისა და ძალიან მძიმე ვითარების ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურასთან ერთად მაინც მოიძია მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოსთვის არის წარდგენილი.

„იმ მასობრივი არეულობების ფონზე, რაც არსებობდა და იმ ძალიან მძიმე ვითარების ფონზე, როდესაც თავად აქციის მონაწილეები აზიანებდნენ ვიდეოჩამწერებს, რომ მტკიცებულებები არ შექმნილიყო, პირდაპირი მითითება იყო კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტებზე, არ გადაეღოთ აქციის მოძალადე წევრების მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები, მხოლოდ პოლიციაზე ყოფილიყო აქცენტი გადატანილი და ამ ფონზე რაც იქნა მოძიებული, ჩვენ მაქსიმალურად ყველა ის მტკიცებულება მოვიძიეთ პროკურატურასთან ერთად, რომელიც მნიშვნელოვანი და რელევანტურია საქმისთვის და რა თქმა უნდა, წარდგენილია სასამართლოში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.