ზაპოროჟიეს რეგიონში, სოფელ ნოვოდაროვკას მახლობლად, რუსულმა არმიამ დამბა ააფეთქა,– განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაურიდის მიმართულების თავდაცვის ძალების სპიკერმა ვალერი შერშენმა.
"მტერი ნერვიულობს და იყენებს ნებისმიერ საშუალებას, რათა თავიდან აიცილოს მისი თავდაცვის გარღვევა სწორედ აქ, ტაურიდას მიმართულებით. და კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შემდეგ, ხდება უფრო მცირე დამბების აფეთქება. გვაქვს ინფორმაცია, რომ მტერმა ააფეთქა დამბა ნოვოდაროვკას დასახლებასთან და ამან გამოიწვია მდინარე მოკრიე იალის ორივე ნაპირის დატბორვა", - განაცხადა შერშენმა.
მისი თქმით, „ეს გავლენას ვერ მოახდენს ტაურიდის თავდაცვის ძალების შეტევითი ოპერაციების წარმართვაზე“.