New York Times დარგის ექსპერტებთან საუბრის შემდეგ წერს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების ყველაზე სავარაუდო მიზეზი შიგნიდან აფეთქებაა.
ექსპერტების თქმით, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კაშხლის ჩამონგრევა შიგნიდან აფეთქებამ გამოიწვია. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელებში განაცხადეს, რომ დაახლოებით ღამის 2:50 საათზე ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.
"დახურულ სივრცეში მომხდარმა აფეთქებამ, როდესაც მთელი მისი ენერგია მიმართულია ირგვლივ მდებარე სტრუქტურისკენ, შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე დიდი ზიანი. ამ შემთხვევაშიც კი, ექსპერტების აზრით, კაშხლის დანგრევას მინიმუმ ასობით ფუნტი ასაფეთქებელი ნივთიერება დასჭირდება.
ბომბის ან რაკეტის გარეგანი აფეთქება ძალის მხოლოდ მცირე ნაწილს უშვებს კაშხლის შიგნით და მსგავსი ეფექტის მისაღწევად საჭიროა მრავალჯერ დიდი სიმძლავრის ასაფეთქებელი ნივთიერება." - წერს გამოცემა.
ილინოისის უნივერსიტეტის ინჟინერიის პროფესორმა, ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტმა ნიკ გლუმაკმა აღნიშნა, რომ იარაღი, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების ეს რაოდენობა გადაიტანოს, შეზღუდულია. მისი თქმით, "პირდაპირი დარტყმითაც" შეიძლება კაშხალი არ დაინგრეს.
"ამისთვის ენერგიის მნიშვნელოვანი რაოდენობაა საჭირო. იფიქრეთ იმ ძალებზე, რომლებიც მოქმედებენ სტრუქტურაზე ამ პროცესში - ისინი უზარმაზარია. თქვენ გაქვთ მასიური წყლის ძალა." - აცხადებს ექსპერტი.