6 ივნისს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
კახოვკის ჰესი მდებარეობს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია".
ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.