უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დააწესა იმ პირთა მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის "არჩევნების" ჩატარებაში მონაწილეობდნენ. შეზღუდვები 44 ადამიანს შეეხო. მათგან 38-ს როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მოქალაქეობა აქვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების ნაწილი უკვე "არჩეული იყო უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ შექმნილი ადგილობრივი საბჭოების ე.წ. დეპუტატებად".

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდა. რუსეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა პირველად მოაწყო უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

უკრაინამ და კიევის დასავლელმა მოკავშირეებმა ეს პროცესი და მისი შედეგები უკანონოდ ცნეს. ევროკავშირმა ასევე განაცხადა მზადყოფნა, დააწესოს სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "არჩევნების" ჩატარებას შეუწყვეს ხელი.

2026 წლის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის რუსეთის ხელისუფლებამ პირველად შექმნა ცალკეული მაჟორიტარული ოლქები 2022 წლის შემდეგ ოკუპირებული უკრაინული რეგიონებისთვის.