უკრაინამ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა.

"ალექსანდრ ლუკაშენკო უკვე საკმაოდ დიდი ხანია ცვლის ბელარუსის სუვერენიტეტს პირადი ხელისუფლების შენარჩუნებაზე, ეხმარება რუსებს მსოფლიო სანქციების გვერდის ავლაში, აქტიურად ამართლებს რუსეთის ომს და ახლა კიდევ უფრო ზრდის საკუთარ მონაწილეობას ომის გაჭიანურებაში" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2025 წელს რუსეთის არმიამ ბელარუსში საიერიშო დრონების მართვის სისტემა განათავსა, რამაც რუსული დრონების მოქმედების ეფექტური რადიუსი გაზარდა. ზელენსკის თქმით, ბელორუსის მხრიდან მსგავსი დახმარების გარეშე უკრაინის ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშებს დღევანდელი მასშტაბი ვერ ექნებოდათ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსის 3 ათასზე მეტი საწარმო "რუსეთის ომს ემსახურება" - ისინი რუსეთს კრიტიკულად მნიშვნელოვან ტექნიკას, აღჭურვილობას და კომპონენტებს აწვდიან, მათ შორის, რაკეტების წარმოებისთვის.

"გრძელდება ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება ბელარუსის ტერიტორიაზე საშუალო სიშორის ორეშნიკის ტიპის რაკეტების განთავსებისთვის, რაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ ყველა ევროპელისთვისაც" - თქვა ზელენსკიმ.

დაწესებული სანქციები როგორც ეკონომიკურ ასევე სავიზო შეზღუდვებს გულისხმობს.