აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, 12 ნოემბერს, რუსეთში გაემგზავრებიან — აბუ-დაბიში ვაშინგტონის, კიევისა და მოსკოვის წარმომადგენლების სამმხრივი შეხვედრის დასრულებიდან მეორე დღეს. ამის შესახებ კუშნერმა მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
"მე და სტივ უიტკოფი ხვალ მოსკოვში გავემგზავრებით, რათა შევხვდეთ პუტინს, განვიხილოთ ის, რაზედაც დღეს ვისაუბრეთ და ვეცადოთ, მივაღწიოთ შემდგომ პროგრესს რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ამისთვის გარკვეულ შესაძლებლობებს ვხედავთ", - განაცხადა კუშნერმა. მისი თქმით, ამის შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დუბლინში.
კუშნერისა და უიტკოფის შეხვედრა პუტინთან 12 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში გაიმართება, - დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მეთაურის სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა ასევე ხუთშაბათს შედგება.
ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას, კუშნერმა რუსეთსა და უკრაინას შორის "ტყვეთა ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული გაცვლის" შეთანხმების შესახებ განაცხადა. "ადამიანთა ზუსტი რაოდენობა ხვალ განისაზღვრება", - აღნიშნა მან. გაცვლა, შესაძლოა, უახლოეს 2-3 კვირაში მოხდეს, - დააზუსტა სახელმწიფო სააგენტო "ტასთან" საუბარში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის საინფორმაციო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ ზორინმა, რომელიც აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
კუშნერმა ასევე განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხში "მნიშვნელოვანი პროგრესის" შესახებ, თუმცა ამასთანავე ტერიტორიულ საკითხს "ყველაზე რთული" უწოდა.
მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ მედინსკის თქმით, მხარეებმა "სადღაც გამონახეს საერთო ენა, სადღაც - ვერა". ამასთან, მისი თქმით, საუბარი გაგრძელდება.




