თურქეთის პარლამენტმა "ქურთისტანის მუშათა პარტიის" (PKK) ყოფილი მებრძოლებისთვის შეზღუდული და პირობითი ამნისტიის კანონი დაამტკიცა. ინიციატივას 468-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 88 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 6-მა თავი შეიკავა.

კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელის აღსრულების შეჩერებას 5-დან 10 წლამდე ვადით. თუ ამ პერიოდში პირი ახალ დანაშაულს აღარ ჩაიდენს, გამოძიება შეწყდება და სასჯელი მოხდილად ჩაითვლება.

ამნისტია არ შეეხებათ მძიმე დანაშაულებში (მაგალითად, მკვლელობაში) მონაწილე პირებს. გარდა ამისა, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ორგანიზაციის დამფუძნებლის, აბდულა ოჯალანის შესახებ, რომელიც უკვე 27 წელია, პატიმრობაში იმყოფება.

კანონი ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც უსაფრთხოების ორგანოები ოფიციალურად დაადასტურებენ PKK-ის და მისი ძალების სრულყოფილად დაშლასა და იარაღის ჩაბარებას. ამას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დამტკიცება და ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნება დასჭირდება.

თურქული მხარის შეფასებით, პირველ ეტაპზე შესაძლოა, თავისუფლება დაუბრუნდეს ქვეყნის ციხეებში მყოფი, დაახლოებით, 3500 ადამიანს (მთლიანობაში დაახლოებით 10 000 ყოფილი მხარდამჭერიდან).

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს როგორც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველმა პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა, ისე პროქურთულმა DEM Parti-მ. ადმინისტრაციამ ამ ნაბიჯს "ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთისკენ" გადადგმული ისტორიული და მნიშვნელოვანი სიგნალი უწოდა.

ცნობისთვის, ოჯალანმა, რომლის ორგანიზაციასთანაც შეიარაღებულმა კონფლიქტმა 1984 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა მონაცემით, არანაკლებ 50 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში მოუწოდა თანამებრძოლებს იარაღის დაყრისა და თვითდაშლისკენ.