აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უარყო ირანის შეთავაზება ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

"მე უარვყოფ მათ შეთავაზებას", - განაცხადა ტრამპმა. "მათ სურთ გარიგების დადება, რომლის მიხედვითაც სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება, რადგან გამანადგურებელ ზარალს განიცდიან. მათ სურთ შეთანხმების მიღწევა და ვფიქრობ, ეს ნორმალურია. მეც მიყვარს გარიგებების დადება, მაგრამ ასეთი შეთანხმება მიუღებელი იქნებოდა", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.   

მანამდე იმის შესახებ, რომ ტრამპმა ირანის წინადადება უარყო, წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal (WSJ) იუწყებოდა. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა თავის თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბერში, კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, ამ ქვეყნის დაბომბვის განახლებას გეგმავს.  

პირად საუბრებში ტრამპი სკეპტიკურად აფასებს თეირანის მზადყოფნას, შეასრულოს მისი მოთხოვნა ბირთვულ პროგრამაზე სრულად უარის თქმის შესახებ. წყაროები ამტკიცებენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ახალ სამხედრო ოპერაციას "საკმაოდ სავარაუდოდ" მიიჩნევს, წერს WSJ.  

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანმა ვაშინგტონს გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში შესთავაზა, რომ ერთი კვირის შემდეგ აღდგეს გემების მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში და განახლდეს მოლაპარაკებები კონფლიქტის გრძელვადიან მოწესრიგებაზე. ეს ინიციატივა, მისი თქმით, ივნისის ურთიერთგაგების მემორანდუმს ემყარება.  

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თეირანი არ უზრუნველყოფს გემების თავისუფალ გავლას ჰორმუზის სრუტეში, სანამ ამერიკული სანქციები და ბლოკადა ძალაში რჩება. ფეზეშქიანმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი არ აპირებს, უარი თქვას თავის უფლებაზე, განავითაროს ბირთვული ტექნოლოგიები ეკონომიკური მიზნებში გამოყენებისათვის.  

WSJ-ის მონაცემებით, მხარეები შუამავლების მეშვეობით აგრძელებენ, მათ შორის, ირანის ბირთვული პროგრამის განხილვას. ამასთან, ვაშინგტონმა თეირანს აცნობა, რომ ტრამპი საზღვაო ბლოკადის მოხსნას არ აპირებს, განუცხადეს WSJ-ის ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელება საბოლოოდ, აიძულებს ირანს, დადოს შეთანხმება იმ პირობებით, რომლებიც მისაღები იქნება ვაშინგტონისა და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოებისთვის.