ნორვეგიული მედია იუწყება, რომ „ექვინორის“ პროექტი, რომელიც ნიუ-იორკის სანაპიროდან 25 კმ-ის დაშორებით ქარის ტურბინის მშენებლობას ითვალისწინებს, ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სასწრაფო წესით მოწონებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ნორვეგიულმა „ექვინორმა“ ნიუ-იორკის სანაპიროდან 25 კმ-ის დაშორებით, ატლანტის ოკეანეში, 2024 წელს ქარის ტურბინის მშენებლობა დაიწყო, ტრამპის ადმინისტრაციამ „შემდგომ განხილვამდე“ შეაჩერა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ექვინორს“ საპროექტო სამუშაოებზე და მშენებლობაზე პროექტით გათვალისწინებული შვიდი მილიარდი დოლარიდან უკვე გახარჯული აქვს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი. მშენებლობა 2027 წელს უნდა დასრულებულიყო და ქარის სადგურს ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ 500 000 ბინა უნდა უზრუნველყო ელექტროენერგიით.

ტრამპი დიდი ხანია აკრიტიკებს ქარის ტურბინებს. მისი თქმით, მახინჯი ქარის ტურბინები ჩიტების მკვლელები არიან და, „როგორც ჩანს, ჭკუიდან შლიან ვეშაპებს“. მან პრეზიდენტობის პირველივე დღეებში დააყენა საკითხი ნებადართული ქარის სადგურის პროექტების დაბლოკვის შესახებ.

ნორვეგიელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სტიორეს მთავრობამ უნდა დაიცვას ნორვეგიის ინტერესები საზღვარგარეთ და დაეხმაროს „ექვინორს“.