აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეთანხმდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ომის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ტრამპმა, მსხვერპლის დიდ რაოდენობაზე მითითებით, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი გამოსვლის ფრაგმენტი ამერიკულმა ტელეკომპანია Fox News-მა გამოაქვეყნა.
"მინდა, რომ ის შეთანხმდეს პუტინთან და მინდა, რომ პუტინი შეთანხმდეს მასთან", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი მტკიცებით, რუსეთ-უკრაინის ომში ყოველთვიურად რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იღუპება და მათგან დაახლოებით 97 პროცენტს სამხედრო მოსამსახურეები შეადგენენ.
"მაგრამ, იყვნენ ეს სამხედროები თუ სამოქალაქო პირები, უბრალოდ დაფიქრდით ამაზე: ორი თვის წინ დაიღუპა 32 ათასი, გასულ თვეში - 33 ათასი, ამ თვეში კი - 25 ათასი ადამიანი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გამოსვლის სხვა ფრაგმენტში, რომელიც ინტერნეტპორტალმა Clash Report-მა გაავრცელა, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც უკრაინა, ისე რუსეთი აცხადებენ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ. მისი თქმით, შეთანხმება შესაძლოა, მიღწეულ იქნეს "ერთ დღეს, იმედია, არც ისე შორეულ მომავალში", შესაძლოა, მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი.
მანამდე, 25 სექტემბერს, Bloomberg-ის წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა მას მოსკოვში ჩასვლა და პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. სააგენტოს თანამოსაუბრეთა ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა წინადადებაზე უარი განაცხადა.




