აშშ-ის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, მაშველებმა ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ძებნისას ძლიერი ხმაური დააფიქსირეს.
წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენებთან მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა. ხომალდთან კავშირი წყალში მისი ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა, ბორტზე კი 5 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროიდან მოყოლებული წყალქვეშა ნავს მაშველები ეძებენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული მაშველების თქმით, ხმები 30 წუთის ინტერვალებით ისმოდა, თუმცა იმის დადგენა ვერ შეძლეს, თუ რა იწვევდა ხმაურს. ხმაურის გაგონებიდან 4 საათის შემდეგ მაშველებმა დამატებითი მოწყობილობები გამოიყენეს და ხმების დაფიქსირება ისევ შეძლეს.
ჩაძირული წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოებში თვითმფრინავებიც ჩართულია და ახლა უკვე იმ ტერიტორიას აკვირდებიან, საიდანაც ხმაურის დაფიქსირება შეძლეს. აშშ-ის მთავრობის განცხადებით კი, უწყვეტი ხმაური ბორტზე მყოფი ადამიანების გადარჩენის იმედს იძლევა.
გაუჩინარებული წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ტურისტულ კომპანია OceanGate-ს ეკუთვნის, დაახლოებით, სატვირთო მანქანის ზომისაა. ბორტზე ის 5 ადამიანსა და ოთხი დღის სამყოფ ჟანგბადს იტევს. ახლა კი დაახლოებით 27 საათის სამყოფი ჟანგბადია დარჩენილი.