წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენებთან მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა. ხომალდთან კავშირი 18 ივნისს, წყალში მისი ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა. ბორტზე იმყოფებიან მგზავრები და ეკიპაჟის წევრები.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მასში ჩართულები არიან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო სამსახურები, ასევე წყალქვეშეთის მკვლევარი კომპანიები.
გაუჩინარებული წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ტურისტულ კომპანია OceanGate-ს ეკუთვნის, დაახლოებით, სატვირთო მანქანის ზომისაა. ბორტზე ის 5 ადამიანსა და ოთხი დღის სამყოფ ჟანგბადს იტევს. ამ ნავით 3 800 მეტრის სიღრმეზე ჩაძირული ტიტანიკის სანახავად ტურის ღირებულება $250 ათასს შეადგენს.
მსგავს წყალქვეშა ნავზე, როგორც წესი, პილოტი, ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი და სამი ტურისტია ხოლმე. ხომალდი გეზს იღებს ტიტანიკის ჩაძირვის ადგილიდან 600 კილომეტრის დაშორებით, კუნძულ ნიუფაუნდლენდის მახლობლად. ტური 8 საათის განმავლობაში გრძელდება.