ტრამპმა პუტინს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები გადასცა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Telegraph-ი.

​მედიის ცნობით, აშშ მზად არის, აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონები, მათ შორის ყირიმი.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი მის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და მრჩეველს, ჯარედ კუშნერს მოსკოვში სწორედ ამ შეთავაზების გასაკეთებლად აგზავნის ვლადიმერ პუტინთან.

ევროპელების შეშფოთების მიუხედავად, ტრამპი გააგრძელებს ამ გეგმაზე მუშაობას, რომელიც იქნება აშშ-ის დიპლომატიური კონვენციის დარღვევა.

„სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ამერიკას არ აინტერესებს ევროპის პოზიცია. ისინი ამბობენ, რომ ევროპელებს შეუძლიათ, გააკეთონ ის, რაც სურთ“, – აცხადებს ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბრისას.

The Telegraph-ი ასევე წერს, რომ, ამერიკის გეგმის მიუხედავად, უკრაინა არ იქნება ვალდებული, აღიაროს რუსეთის კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლის ანექსირებაც რუსეთმა 2014 წლიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტს გუშინ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს „სამშვიდობო გეგმის“ ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც ყირიმისა და დონბასის რუსეთის ტერიტორიად დე ფაქტო აღიარებას ითვალისწინებს. ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ შეიძლება, აღიარება მოხდეს დე ფაქტო და არა – დე იურე.

„სწორედ ეს უნდა იყოს ამერიკულ მხარესთან ჩვენი მოლაპარაკებების საგანი. დიდი მადლობა, რომ ამას მიაქციეთ ყურადღება. თქვენ მართალი ხართ, ეს არის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

თარგმანი: პირველი არხი