შრი-ლანკა - ირანული სამხედრო გემი აშშ-ის წყალქვეშა სამხედრო ნავიდან განხორციელებული დარტყმის შემდეგ იძირება - კადრები პენტაგონმა გაავრცელა.

„ირანული სამხედრო გემი თვლიდა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო, მაგრამ ასე არ იყო. ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მტრის გემი ჩაიძირა. ომის დეპარტამენტი გამარჯვებისთვის იბრძვის“, – წერია თეთრი სახლის მიერ „იქსზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომის შემდეგ, ირანის ბალისტიკური რაკეტა დღეს პირველად შევიდა თურქეთის საჰაერო სივრცეში. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც სირიისა და ერაყის გავლით თურქეთის საჰაერო სივრცეში მოხვდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. ოფიციალური ანკარა ამბობს, რომ იტოვებს უფლებას, უპასუხოს მის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ მტრულ ქმედებას. თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაგმო ნატომაც.

ვითარება რთულია სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რომლებსაც ირანი მეოთხე დღეა უტევს. ირანის მიერ კატარისკენ გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტიდან ერთმა მიზანს მიაღწია და ამერიკულ საჰაერო ბაზა ალ-უდეიდის დაეცა, რომელიც რეგიონში შტატების უმსხვილესი ბაზაა - კატარის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

დუბაიში კი ირანმა აშშ-ის საკონსულოს შეუტია, სადაც დრონის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თეირანმა დრონით თავდასხმა სცადა საუდის არაბეთის ერთ-ერთ მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იერიშს დაზიანება არ გამოუწვევია. ქვეყნის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ მოსახლეობის დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

ირანის შეტევებით და სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებული ვითარებით შეშფოთებულია ევროპა. საფრანგეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რაფალის ტიპის ავიაგამანადგურებლები განალაგა. მიზანი, პარიზის ინფორმაციით, იქ არსებული სამხედრო ბაზების დაცვაა. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კი ამბობს, რომ მისმა ქვეყანამ ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო მეოთხე დღეა უმსხვილესი აეროპორტები დახურული, რეისები კი გაუქმებულია. დუბაიში, აბუ-დაბიში, შარჯაში, დოჰაში, ქუვეითსა და ბაჰრეინში რეისების გაუქმება შეეხო ასობით ათას ადამიანს, მათ შორის ქართველებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაზე საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს.

ახლო აღმოსავლეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი სპეციალური რეისი უკვე შესრულდა. 170 ადამიანი, რომელიც მიმდინარე მოვლენების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა, მასკატიდან თბილისში ჩამოფრინდა. დღესვე სპეციალური რეისი საუდის არაბეთის დედაქალაქიდანაც სრულდება.

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო იერიშების პარალელურად, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისიც მწვავდება. კონფლიქტის ზონიდან წამოსული ლტოლვილები უკვე მიიღო თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ერაყმა.