გერმანიაში, შტუტგარტის აეროპორტში ავიაკომპანია Bulgaria Air-ის თვითმფრინავიდან, ტერორისტული საფრთხის გამო, 180 მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ Stuttgarter Zeitung-ი წერს.

გამოცემის თანახმად, ერთ-ერთმა მგზავრმა სასაზღვრო დაცვის თანამშრომელს აცნობა, რომ სხვა მგზავრი თვითმფრინავში ტერაქტს გეგმავდა. ეკიპაჟმა აღნიშნული მუქარად მიიჩნია და პოლიცია გამოიძახა. ევაკუაციის შემდეგ, მგზავრთა ბარგი ძაღლების მიერ იქნა შემოწმებული. სამართალდამცავების ინფორმაციით, იქ ვერაფერი აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება დააკავა. პოლიციას ჯერჯერობით არ დაუდგენია, საუბარია რეალურ ტერორისტულ საფრთხეზე, თუ წარუმატებელ ხუმრობაზე. დაკავებულთა ასაკი და წარმომავლობა უცნობია.

შტუტგარტის აეროპორტში დროებით ყველა რეისი გადაიდო. ამ დროისათვის კი აეროპორტი კვლავ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.