ამის შესახებ ბელგიური გამოცემა demorgen-ი წერს.
„იმ უაღრესად მკაცრი და სამართლიანი მიდგომის შესაბამისად, რომლითაც ყოველთვის ვხელმძღვანელობდი ჩემი მოვალეობების შესრულებისას, დღეს ევროპის კოლეჯის რექტორის და ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის დირექტორის პოსტებიდან გადადგომა გადავწყვიტე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეჯის სამივე კამპუსის საზოგადოება გააგრძელებს ინოვაციებისა და სრულყოფილების გზას, რომელიც ერთად გავკვალეთ ბოლო ხუთი შესანიშნავი წლის განმავლობაში“, - აცხადებს მოგერინი წერილში, რომელიც კოლეჯის საიტზეა გამოქვეყნებული.
მოგერინის თქმით, ის კვლავ ამაყობს კოლეჯის სხვა ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან ერთად მიღწეული წარმატებებით და მადლიერია იმ ნდობის, პატივისცემისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც კოლეჯისა და აკადემიის სტუდენტებმა, ფაკულტეტმა, თანამშრომლებმა და კურსდამთავრებულებმა გამოუცხადეს.
მოგერინი სამშაბათს დააკავეს კიდევ ორ პირთან ერთად ბრიუგეში ევროპის კოლეჯის კუთვნილი რამდენიმე შენობის, ბრიუსელში ევროპის დიპლომატიური სამსახურის და რამდენიმე კერძო სახლის ჩხრეკის შემდეგ.
თაღლითობაში, კორუფციაში, ინტერესთა კონფლიქტსა და პროფესიული საიდუმლოების დარღვევაში ეჭვმიტანილი სამივე პირი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან, პროკურორების თქმით, გაქცევის რისკი არ არსებობს.




