NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის წინადადებები ალიანსში გაწევრიანებაზე პრიორიტეტია. ამის შესახებ მან ფინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჰელსინკიში განაცხადა.
"მოვიდა დრო, რომ მოხდეს ფინეთისა და შვედეთის წევრებად რატიფიცირება... წარმოუდგენელია, რომ NATO-ს პასუხის გარეშე რაიმე საფრთხე შეექმნას ფინეთს ან შვედეთს", - თქვა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ფინეთი და შვედეთი "უახლესი ისტორიაში ყველაზე სწრაფად გადიან გაწევრიანების პროცესს". გაწევრიანებაზე განაცხადი ორივე ქვეყანამ შარშან მაისში გააკეთა.
ჯერჯერობით, NATO-ს 30 წევრიდან 28-მ მოახდინა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება. უნგრეთსა და თურქეთს ეს ჯერ არ გაუკეთებიათ.
სტოლტენბერგის თქმით, უნგრეთის პარლამენტმა მიანიშნა, რომ დისკუსიებს "რამდენიმე დღეში" დაიწყებენ.
"როცა საქმე ეხება თურქეთს, ისინი გამოხატავენ გარკვეულ შეშფოთებას ძირითადად შვედეთის მიმართ. ჩემი გზავნილია ის, რომ ფინეთმაც და შვედეთმაც რეალურად შეასრულეს ის, რაზედაც შეთანხმდნენ სამმხრივ შეთანხმებაში... დადგა რატიფიცირების დრო როგორც ბუდაპეშტში, ასევე ანკარაში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო დიალოგს თურქეთთან, რადგან მნიშვნელოვანია ამის მალე დასრულება", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მის ქვეყანას სურს NATO-ში გაწევრიანება, რადგან ეს ის ხაზია, რომელსაც "რუსეთი არ გადაკვეთს."