უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაგრამ ახლა მისი მთავარი ამოცანაა რუსეთთან მოიგოს ომი თავისი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ NATO-ს კარი ღიაა და მაგალითებად მოიყვანა ახალი წევრები - მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია, ასევე შვედეთი და ფინეთი, რომლებიც NATO-ში გაწევრიანებასთან ახლოს არიან.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-ს კიევთან გრძელვადიანი პარტნიორობა სურს, რათა უკრაინა საბჭოთა სტანდარტებიდან და სისტემებიდან ალიანსის სტანდარტებზე გადავიდეს, რამაც უნდა დააახლოოს უკრაინის NATO-ში შესვლა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე.

სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს NATO-ს დახმარების პაკეტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც უკრაინას საკვებით, საწვავით, სამედიცინო მარაგით, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობით და მცურავი ხიდებით უზრუნველყოფს.

ალიანსის წევრები ასევე გააძლიერებენ რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფი სხვა ქვეყნების - მოლდოვის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდაჭერას, რათა გააძლიერონ მათი თავდაცვისუნარიანობა და NATO-სთან ურთიერთქმედება.