ევროკავშირის 12 ქვეყნის სიაში, რომლებსაც „ალბანეთის მოდელის" მიგრანტთა ცენტრებს სთავაზობენ, მოხვდა სომხეთიც, რასაც ერევნიდან ოფიციალური გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია.
ევროპარლამენტმა 17 ივნისს მოიწონა ბლოკის მიგრაციის ახალი პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს „დაბრუნების ცენტრების" მშენებლობის შესაძლებლობას ევროკავშირის საზღვრებს გარეთ. ამის შემდეგ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს ისეთი კანდიდატების ძიება, რომლებიც მზად იქნებიან ამ ცენტრების მასპინძლობისთვის.
InfoMigrants-ის ცნობით, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მოლაპარაკებები "ფოკუსირდა 12 ქვეყანაზე": რუანდა, განა, სენეგალი, ტუნისი, ლიბია, მავრიტანია, ეგვიპტე, უგანდა, უზბეკეთი, სომხეთი, მონტენეგრო და ეთიოპია.
წყაროს თანახმად, სია „ინდიკატიურია" და „საბოლოო არ არის". ნებისმიერი მოლაპარაკება კი „ძალიან ადრეულ ეტაპზეა და ნიადაგის მოსინჯვის მიზნით ტარდება".
„ალბანეთის მოდელი" იტალიის პროექტია. 2024 წელს იტალიამ ალბანეთში გახსნა 2 ცენტრი, სადაც ხმელთაშუა ზღვით იტალიაში ჩასული მიგრანტები თავშესაფრის შესახებ განცხადებების დამუშავების მთელი პერიოდის განმავლობაში გადაჰყავთ. პროექტი წელიწადში 138 მილიონ ევრო ჯდება, თუმცა ორივე ცენტრი თითქმის ცარიელია.
მაისში იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი ერევანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მაშინ განხილული იყო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები. დღეს კი, როგორც ამას „კორიერე დელა სერა“ იუწყება, მელონი, სეუტაში წარმოქმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, კვლავ წამოსწია ეს თემა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან სატელეფონო საუბარში. დანია უკვე რამდენიმე წელია მესამე ქვეყნებში მიგრანტების ცენტრის შექმნას ცდილობს. გარდა ამისა, დანიას აქვს შეთანხმება კოსოვოსთან და იქ სასჯელის მოხდის მიზნით აგზავნის მიგრანტებს. მსგავს მოდელს დიდი ბრიტანეთი რუანდასთან განიხილავდა, თუმცა დაახლოებით მილიარდი ფუნტი სტერლინგის გადარიცხვის მიუხედავად, საქმე წინ არ წასულა, რუანდის მთავრობა კი აცხადებს, რომ პირობის თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა კიდევ 100 მილიონ დოლარზე მეტი უნდა გადაურიცხოს.
ამ წუთისთვის სომხეთის მთავრობას ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. არც სომხურ პრესაში არაფერი ჩანს ამ თემაზე.
პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, თემა სომხეთისთვის მტკივნეულია. სომეხი ერის დიდი ნაწილი საკუთარი სამშობლოს საზღვრებს გარეთ, დიასპორაში ცხოვრობს და მოსახლეობა, სავარაუდოდ, ძნელად დათანხმდება მესამე ქვეყნის მიგრანტების მიღებას. ამასთან, სომხეთში ოპოზიცია ამ ეტაპზე საკმარის რესურსსა და გავლენას არ ფლობს, რომ მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს.




