სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი რუსეთში გაემგზავრება და მოსკოვში, სლოვაკეთის მთავრობის დავალებით, უხელმძღვანელებს ეროვნულ დელეგაციას ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის ორმხრივი სამთავრობათაშორისო კომისიის 22-ე სხდომაზე. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, ბლანარი და რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრი ვალერი ფალკოვი ექვსი ძირითადი მიმართულებით ორი სახელმწიფოს ექსპერტების მოლაპარაკებებს გახსნიან. მიზანია რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ჩარჩოების განსაზღვრა - ევროკავშირში ბრატისლავას ვალდებულებების გათვალისწინებით - საერთო ინტერესების მქონე სფეროებში, მათ შორის, ენერგეტიკისა და ატომურ სექტორში, სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვაში, ტურიზმში, სპორტსა და კულტურაში, ნათქვამია განცხადებაში.
"ჩვენ ვეწინააღმდეგებით ევროკავშირსა და რუსეთს შორის ახალი "რკინის ფარდის" აღმართვას და მიგვაჩნია, რომ ამ რთულ პერიოდშიც კი უკიდურესად მნიშვნელოვანია ღია დიალოგის შენარჩუნება, რასაც ასევე ემსახურება სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა. ჩვენ ამ ფორმატს განვიხილავთ, როგორც დიალოგის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც აუცილებელია სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად", - დასძინა მან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბრატისლავა დაინტერესებულია რუსეთის ფედერაციასთან "კონსტრუქციული და პრაგმატული ურთიერთობებით" და აპირებს, მომავალშიც განავითაროს ეკონომიკური თანამშრომლობა იმ სექტორებში, რომლებზეც არ ვრცელდება ევროპული სანქციები.
ბლანარის თქმით, მოსკოვში მისი ვიზიტისას აბსოლუტური პრიორიტეტი სლოვაკეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი იქნება. ევროკომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2027 წლის სექტემბერში ბრატისლავა იძულებული გახდება, რუსული გაზის შესყიდვა შეწყვიტოს. ამავდროულად, სლოვაკეთს რუსეთთან სახელმწიფო კომპანია Slovensky Plynarensky Priemysel-ის (SPP) მეშვეობით დადებული აქვს ხელშეკრულება 2034 წლამდე "take or pay" პირობებით - ანუ, სლოვაკეთს ემუქრება რუსული მხარისთვის 10 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის კომპენსაციის გადახდის აუცილებლობა, შეახსენა მინისტრმა და გააფრთხილა, რომ საბოლოო თანხამ, შესაძლოა, 16 მილიარდ ევროსაც მიაღწიოს.
"თუმცა ჩვენ არ ვეთანხმებით ომს უკრაინაში და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ჩვენ იძულებულნი ვართ, ვითანამშრომლოთ მასთან და დავიცვათ სლოვაკეთის ინტერესები", - განაცხადა იურაი ბლანარმა. მანვე აღნიშნა, რომ არბიტრაჟში შესაძლო წაგების შემთხვევაში ევროკავშირი ბრატისლავას ანაზღაურების გარანტიას არ აძლევს და მხოლოდ იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, ასევე აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე - ამასთან, სლოვაკეთი, პირველ რიგში, დაინტერესდება სამშვიდობო ინიციატივების მიმდინარეობით, რათა უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მიუთითეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომამდე ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა 2021 წელს გაიმართა. სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კომისიის მუშაობა დროებით შეჩერდა. მისი საქმიანობის მოსალოდნელი განახლება სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) ვიცე-სპიკერმა ტიბორ გაშპარმაც დაადასტურა.




