შვეიცარიის ამომრჩევლებმა დღეს, 27 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმზე უარყვეს ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში მკაცრი ნეიტრალიტეტის პრინციპის ჩაწერას ითვალისწინებდა.

წინასწარი შედეგებით, ინიციატივას მხარი ამომრჩეველთა მხოლოდ 31%-მა დაუჭირა, 69% კი წინააღმდეგ წავიდა.  

ინიციატივა ითვალისწინებდა შვეიცარიის ნეიტრალიტეტის „მარადიულ და შეიარაღებულ“ ხასიათად გამოცხადებას, სამხედრო ალიანსებში გაწევრიანების აკრძალვას და სანქციების დაწესების აკრძალვას გაეროს მიერ დაუმტკიცებელი სანქციების შემთხვევაში.

ინიციატივის უკან მემარჯვენე შვეიცარიის სახალხო პარტია (SVP )იდგა. მათი არგუმენტით, ბერნმა ტრადიციული ნეიტრალიტეტი დაარღვია, როდესაც 2022 წელს რუსეთზე ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ინიციატივის მხარდამჭერი კამპანიისთვის პარტიის ყოფილმა ლიდერმა, მილიარდერმა კრისტოფ ბლოხერმა 2 მილიონი ფრანკი დახარჯა.

რეფერენდუმის შედეგი არ ნიშნავს ნეიტრალიტეტის უარყოფას - ის შვეიცარიაში კვლავ ფართოდ მხარდაჭერილია. ამომრჩევლებმა მთავრობას პრინციპის მოქნილად განმარტების შესაძლებლობა დაუტოვეს, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

მთავრობა, პარლამენტი და ყველა მსხვილი პარტია SVP-ს გარდა ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიოდა.

წყარო: 24heures, SRF (Schweizer Radio und Fernsehe)

მოამზადა რაულ კაპანაძემ